ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც გაეროში რუსეთის ელჩმა აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად გამოიყენა, კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკიც ეხმაურება.
პროპაგანდისტმა საქართველოს მმართველ პარტიას განცხადება მოუწონა და აღნიშნა, რომ "საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა". კანდელაკი კრემლისა და მმართველი პარტიის პროპაგანდას ავითარებს და ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ადამიანი მზად არის წლობით და ათწლეულობითაც კი ელოდოს სიმართლეს. მის მოსაპოვებლად ადამიანები მიდიან მსხვერპლზე, იტანჯებიან, იღუპებიან. ყველაზე საშინელებაა, როცა ძალაუფლებას და "კარგ" ზრახვებს ამოფარებულნი სიმართლეს ზემოდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და ხელმძღვანელი უსინდისო მმართველი ხდება. მაშინ სიმართლის მოპოვების ფასი ასტრონომიული ხდება. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი როგორც იქნა დადგა, რომლის ფასიც ჩვენ, ყველამ საკმარისად გადავიხადეთ", - წერს კანდელაკი.
მანამდე, გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა.